logo
ENG



"პრობლემა არა კანონი, არამედ აღსრულებაა" - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე

26 აგვ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 
aj9tpwa5nqqw1hc.jpg

"ეგ ყველაფერი აქამდეც იყო დასჯადი, პრობლემა კანონია აღსრულებაშია", - ასე აფასებენ ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე "მკაცრი სანქცია განისაზღვრება".

როგორც ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, მმართველი გუნდის ეს ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორებისთვის თავის მოწონების მცდელობაა:

"ეგ ყველაფერი აქამდეც იყო დასჯადი. პრობლემა იყო არა კანონში, არამედ  კანონის აღსრულებაში. მე არ მახსოვს არც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება დაესაჯოთ ან მოსყიდვისთვის, ან ძალადობისთვის, ან იძულებისთვის. ეს არის თავის მოწონება ჩვენს პარტნიორებთან, რომ აი, რა კარგ რაღაცებს ვაკეთებთ. რეალურად, ეს უკვე იყო კანონში. აღსრულება თუ არ მოხდა, რაც არ უნდა კარგი კანონი იყოს, არანაირი აზრი მას არ ექნება. დასჯის იურიდიული საფუძველი აქამდეც ჰქონდათ", - აცხადებს კაპანაძე.

ქართული ოცნების ინიციატივას ილუზიის შექმნის მცდელობას უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილიც:

"ქართულ ოცნებას აქვს იმის დემონსტრირების სურვილი, რომ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს. ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა - ეს არის ის პრობლემები, რომლებზეც საუბარი იყო წინა არჩევნების შეფასების დროს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან. ამ ცვლილებებით სურთ, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ილუზია შექმნან, რომ სხვანაირი წესებით სურთ არჩევნების ჩატარება. თუმცა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, საგამოძიებო სტრუქტურები პოლიტიზებულია და მართულია ქართული ოცნების მიერ, მსგავსი ცვლილებები არ ვფიქრობ, რომ რეალობას შეცვლის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება ოპოზიციის მისამართით დამატებითი სამართლებრივი დევნის მექანიზმი გახდეს", - აცხადებს "ფორმულასთან" საუბარში სამადაშვილი.

ლელო-საქართველოსთვის წევრი კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების შეტანა რეალობას არ შეცვლის:

"მთელმა საქართველომ იცის, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ აქტიურად თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან და იყენებენ მას და ადმინისტრაციულ რესურსს ამომრჩევლის დასაშინებლად. ახლაც გააკეთებენ ამას და შეეცდებიან, შეფუთონ ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობა ისევ სულ სხვანაირი იქნება. ის, რომ ამომრჩევლის იძულება, დაშინება, მოსყიდვა დანაშაულია, ეს სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც წერია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ცუდი კანონები გვაქვს, არამედ პრობლემა ცუდი ხელისუფლებაა. რაც გვაქვს და წერია, არ აღასრულებს და რასაც აღასრულებს, აღასრულებს შერჩევითად. ოპოზიციურ პარტიას შეიძლება მცირე დარღვევა, ბუზი სპილოდ გადაუქციოს და საკუთარი უმძიმესი დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვოს. დღევანდელი ინიციატივა საკუთარი იმიჯის შელამაზების მცდელობაა", - აცხადებს კოჟორიძე.

იმაზე, რომ, ზოგადად, ნებისმიერი მუქარა და ძალადობა ისედაც ისჯება, ფორმულასთან საუბარში საუბრობს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძეც:

"ზოგადად, მუქარა და ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსით ისედაც ისჯება. არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო მიზნით ხორციელდება თუ რა მიზნითაა. ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერი ძალადობა ისჯება", - განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქცია განისაზღვრება. თალაკვაძის თქმით, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და ფულადი ჯარიმისა და შინაპატიმრობის გარდა, სანქცია შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთაც.

"საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსში," - თქვა მან.

სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციაში შესაბამისი საკითხები მათ შორის 162-ე - არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლში - არის გაწერილი: 

არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გარდა ამისა, 164-ე მუხლი (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) ადგენს პასუხისმგელობას არჩევნებში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბების, ხმების განზრახ არასწორად დათვლის, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამებისთვის – ეს ყველაფერი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ ჩამოყალიბდება ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილება.


close დახურვა